აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმში, მთავრობის სახლთან გამართული ბუშტების პერფორმანსი მისთვის "მეასეხარისხოვანი" იყო. ამაზე მან იმედზე, გადაცემა ღია ეთერში ისაუბრა.
"ვერცერთი ცალკე აღებული პიროვნება, მიუხედავად იმისა, რა კონკრეტულ პერფორმანსს დადგამენ, როგორ შეეცდებიან ჩვენი და სამართალდამცავების ნერვების გამოცდას, ვერ მიაღწევენ საწადელს. [...]
კონკრეტული კომიკური პერფორმანსები, იქნება ეს ბუშტების გაბერვა, თუ ცეკვა, რა თქმა უნდა, ეს მეასეხარისხოვანია. ეს ვერანაირად ვერ შეგვიცვლის დღის წესრიგს", - აცხადებს რიჟვაძე.
ამასთან, უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჰელიუმის ბუშტების გაშვების შემდებ მომიტინგეებს აკავებენ. 2 დეკემბერს ორგანიზაცია იმოქმედემ აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი - "ნუ გეშინია ბუშტების" გამართა, სადაც პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.
ერთ-ერთი დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი თანამოაზრეების დაკავება ჰელიუმის ბუშტების გაშვების გამო მოხდა. ამას უარყოფს აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი. ის ამბობს, რომ აქციის მონაწილეების დაკავება არა ბუშტების გაშვებას, არამედ "პოლიციასთან დაპირისპირების მცდელობას" უკავშირდება.
აჭარაში საპროტესტო აქციის მონაწილეები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და უკვე რამდენიმე დღეა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.